თეგი: დავით კეზერაშვილი

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

„ფორმულას" დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. ცნობისთვის, 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. თუმცა, კეზერაშვილის ადვოკატების თქმით, აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც წვრთნების ჩატარებას ადასტურებს - ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები. დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია “ფორმულას”, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.  

რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული

„მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს“ საერთაშორისო თაღლითურმა ქსელმა ინვესტორებს მილიარდობით დოლარზე მეტი მოპარა. ამ შინაარსის საგამოძიებო სტატია სათაურით - „მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“, BBC-მ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემამ დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური სქემის უკან დგანან. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო. სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას ასახავს და მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ფიგურად არის მოხსენიებული. სტატიის თანახმად, კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ამასთან, კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს" ეხებოდა. ავტორები წერენ, რომ არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტების მიხედვით, ის დასახელებული იყო ქსელში არსებული კომპანიების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად. სტატიის თანახმად, კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე. BBC წერს, რომ შეძლო, ეპოვნა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა.  „Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“, - წერს BBC. BBC-ის ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები Milton group-თან და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან საუბრისგან თავი შეიკავა.

ევროპული ქვეყნები იმედია, დავით კეზერაშვილს გადმოგვცემენ - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილს საქართველოს გადმოსცემენ. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „რაც შეხება BBC-ის სტატიას კეზერაშვილთან დაკავშირებით, რაზეც უკვე დიდი ხანი იყო საუბარი, თაღლითური სქემა, რომელიც „ქოლ - ცენტრებით“ იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული, ვხედავთ, რომ არის რეპორტაჟი BBC-ზე, ამაზე გვაქვს ჩვენც საუბარი. კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას. იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.  

გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს - კეზერაშვილი BBC-ზე

ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, BBC-ის გამოძიებაზე აცხადებს, რომ გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და აღნიშნულ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებს. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული "მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", - აცხადებს კეზერაშვილი.  

BBC-ის ფაქტები, სადაც კეზერაშვილია ნახსენები, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია - ვოლსკი

ფაქტები, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „არ შეიძლება, წინასწარ ილაპარაკო დანაშაულზე, როდესაც სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, ეს არ იყო უბრალო ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ „ბიბისის“ მაღალ საერთაშორისო რეიტინგს. ეს არის გამოძიება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თანაც ხორციელდებოდა გამოძიების პარალელურად, რომელსაც ატარებდა მაღალი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. ასე რომ, ფაქტები რაც დაიდო, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, ცალკეული პიროვნებების ან თუნდაც მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ამ კონკრეტული წყაროდან. ახლო პერიოდში ამ ფულს შეიძლება უკვე ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული. მით უმეტეს, რომ ბინძური ფული უკვე არსებობს ამ გაერთიანებაში, მედიისა და პოლიტიკოსების გაერთიანებაში და მისი წარმოშობა უკავშირდება სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯარის ბიუჯეტის ძარცვას“, – აღნიშნა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან.  

უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - კეზერაშვილი

უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს, - "ფორმულას" დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ფორმულასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული "მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია ფორმულას მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურები 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან. „მე მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული და გახსნილი, ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი-პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ალბათ ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები აი ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან აი ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა. ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონრები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და ახლა ბიბისიმ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით. ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით. ამის თაობაზე მინდოდა ჩემი მხრივ გამეკეთებინა კომენტარი, მინდა ჩვენს საგამოძიებო სამსახურებს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ მეტად რთული გამოძიების საქმეში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ელჩი დეგნანი კეზერაშვილზე: აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა ჩატარდეს

დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება , - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ. ელჩის შეფასებით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ, მეტი სამუშაოა გასაწევი. „საშუალება არ მქონდა, BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესიდან გვქონდა ინფორმაცია. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.  

რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულია აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ. „„ქოლცენტრების“ საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი. ქართულ ჯარს მან დადასტურებულად ხუთი მილიონი ევრო მოჰპარა, ეს იცის ყველამ და მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! დღეს კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. იმის გამო, რომ მას მფარველობენ, თავისუფალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული მფარველობა და ამ მფარველობით ის აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და არეულობას. უცხოელმა პოლიტიკოსებმა ერთი ცუდი საქმე ქართველ ხალხს უკვე გაუკეთეს, თავისთან ინახავდნენ სააკაშვილს, არ გადასცეს ქართულ მართლმსაჯულებას და დაუშვეს ის, რომ საქართველო მიიყვანეს დაპირისპირების ზღვრამდე, როდესაც სააკაშვილს მიეცა იმის მოტივაცია, რომ საქართველოში შემოიპარა, რათა აქ არეულობა მოეწყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმი, რა იქნებოდა დღეს საქართველოს ქუჩებში, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გაისვრიდა, ეს საკითხავი იქნებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.  

შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე - ღარიბაშვილი

შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური „ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად დიდი, მსოფლიო დონის სკანდალი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და „ბიბისის“ მიერ იქნა გამოძიებული, გადაფარონ. ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და დადასტურებულია „ბიბისის“ გამოძიების შედეგად. თქვენ ნახეთ ყველამ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის, საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი, საერთოდ რაზეა საუბარი. ახლა მთავარი მინდა ვთქვა, თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელს ოპოზიცია.  

კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას - წულუკიანი

კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ სხვისკენ ისრების მიმართვას და პასუხი გასცენ კითხვებს, რომლებიც მათთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს „დღემდე ვიცით ერთი ყველაზე დიდი სკანდალური საქმე, ეს არის კეზერაშვილის ქოლცენტრი, რომლის არსებობა და დანაშაულებრივი ხასიათი რომელიმე ქართულმა მედიამ ან ქართველმა პოლიტიკოსმა კი არ დაადასტურა, არამედ „ბიბისის“ საგამოძიებო ჟურნალისტურმა პროექტმა. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი პროკურატურა სხვა ქვეყნის პროკურორებთან ერთად, მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, როგორ დანაშაულებრივად და უნამუსოდ გაძარცვეს ევროპელი პენსიონრები კეზერაშვილმა და მისმა ამფსონებმა, უკანონოდ დაეუფლნენ მათ თანხებს. შესაბამისად, ალბათ კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ვინც ამ ქსელში იყო ჩაბმული, თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას, პასუხი გასცენ მათთან მიმართებით არსებულ სამართლებრივ კითხვებს. ცოტა პასუხისმგებლობა იქონიოს იმ ტელევიზიამაც, რომელიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონრებისგან მოპარული ფულით ფინანსდება, როდესაც ცდილობს, სხვა დაადანაშაულოს იმაში, რაც თავად ჩაიდინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის აცხადებს, რომ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია. „დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა. მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია. ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - ამბობს კეზერაშვილი „ფორმულას“ ცნობით. ასევე წაიკითხეთ: უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - კეზერაშვილი რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული